ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის წევრებიდან ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის თეა წულუკიანის, ილია დარჩიაშვილის, ლევან დავითაშვილის, ირაკლი ქარსელაძის, რატი ბრეგაძის, ვახტანგ გომელაურის, ასევე, ლაშა ხუციშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ოთარ შამუგიას, გიორგი ამილახვრის, ზურაბ აზარაშვილის და თეა ახვლედიანის ქონებრივ დეკლარაციებს.
საკანონმდებლო ორგანოდან ჩამონათვალში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ასევე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სხვა დეპუტატები, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან. უწყების თქმით, დამოუკიდებელმა კომისიამ იმსჯელა განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შესარჩევ თანამდებობის პირთა დეკლარაციების არჩევასთან დაკავშირებით. სიაში მოხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის – ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე და სხვები.
„ოცნების“ ლიდერების წინასაარჩევნო განბანვა – სწორედ ასე აფასებენ ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ოპოზიციაში ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ის დეკლარაციებს ობიექტურად ვერ შეისწავლის.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ბიურო ამოწმებს მათ და რამდენიმე ოპოზიციონერს, ამაში კი სენსაცია არაფერია. საპარლამენტო უმრაველესობის წევრების თქმით, ოპოზიციამ ამ თემის გააქტიურებით მსოფლიო ბანკის იმ კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა, რომლის მიხედვით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა.
ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმება შეეხება კომუნიკაციების კომისიას, სემეკს, ცესკოს, ფოსტას, რკინიგზას, ბლექ სი არენა ჯორჯიას და საქართველოს განვითარების ფონდს. საჯარო უწყებებიდან – პროკურატურას, ეროვნულ ბანკს, აუდიტის სამსახურს, სუს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საპენსიო სააგენტოს და სხვებს. ჯამში, ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.