“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს | 22.01.2024

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მშვიდობიანი აქციების დროს სახელმწიფო უწყებების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის არაერთი ფაქტია განხილული. მათ შორის, საუბარია სპეცრაზმელების მიერ 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დარბევაზეც.

“1.აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი; 2. მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა; 3. სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები. პოლიციამ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალებებით რამდენჯერმე დაშალა. 7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის სპრეი. მალევე, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, შესაბამისი გაფრთხილების გაკეთების გარეშე. კითხვები არსებობდა გამოყენებული სპეციალური საშუალებების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ, იმ პირობებში, როცა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორების შეფასებით, 7 მარტს შეკრება მშვიდობიანად მიმდინარეობდა. სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 8-9 მარტსაც. ამასთან, საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ჩანდა პოლიციელი, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის სპრეის, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც. ეუთოს სტანდარტების თანახმად, წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულმონაწილეთა მოსაგერიებლად, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, და არა განურჩევლად აქციის ყველა მონაწილის მიმართ. ამასთან, აკრძალულია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან მისი გამოყენება. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის თანადროული გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არსებობს ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების საფრთხე”, – „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შემაჯამებელი ანგარიშიდან ირკვევა, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა ისევ რთულია. ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომლებიც პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაეგზავნა.