წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება | 19.01.2024

წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. მერია ისევ ამტკიცებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოსთვის დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

“დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – თბილისის მერიის განცხადება.

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, დღეს, ისევ დაზიანდა გაზის მილი. ამის გამო, გაზი ავარიულად გაითიშა და ახლა ზუსტდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ბუნებრივი არის მიწოდება შეუწყდათ. მსგავსი შემთხვევა 17 იანვარსაც მოხდა.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს „ერ ტე დეს“ და „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ კონტრაქტი შეუწყვიტა. მერია ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულებაა. წერეთლის გამზირი უკვე 8 თვეა გადათხრილია, თუმცა მერიამ კომპანიების მუშაობაში ხარვეზები მაშინ აღმოაჩინა, როცა სამუშაოების დასრულებამდე 2 კვირა იყო დარჩენილი.