ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო | 19.01.2024

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე წლისთავამდე უნდა დამტკიცდეს, წერს Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს სასანქციო სიების შევსებაზე, ვაჭრობის დამატებით შეზღუდვებსა და არსებული სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის ახალ ზომებზე.

გარდა ამისა, გრძელდება დისკუსიები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის ახალი ფონდის შექმნის გეგმებზე, რამაც უნდა გააადვილოს უკრაინის დახმარების დაფინანსება, წერს Bloomberg.

დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. რომელიც მოიცავდა, რუსეთიდან არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას, თხევადი ნავთობგაზის იმპორტის აკრძალვას (ერთი წლის გარდამავალი პერიოდით), კიდევ 29 ფირმის დამატებას რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მკაცრი საექსპორტო კონტროლის სიაში. ასევე სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლისთვის შემოღებულ იქნა მოთხოვნა ევროპელი ექსპორტიორებისთვის, მყიდველებთან კონტრაქტებში შეიტანონ რუსეთში რეექსპორტის აკრძალვის პუნქტი.

ამ კვირის დასაწყისში, ერმაკ-მაკფოლის ჯგუფმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ამუშავებს, კიდევ ერთი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ 2023 წლის პირველ ათ თვეში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები. 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის პროდუქცია კი ნაპოვნი იქნა განადგურებული ან უკრაინელების მიერ ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში.