პრემიერი დავოსში და ოპოზიციის შეფასება თბილისში | 18.01.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”. მთავრობის მეთაურმა დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დიალოგის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მანამდე დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ” ამ სახელწოდების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერი ღონისძიებას USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის მიწვევით დაესწრო. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა. მისი თქმით, ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს – ეს არის გლობალური პრობლემა!
მინდა აღვნიშნო, რომ ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა!

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს სახელწოდებით: „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”. ღონისძიების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.