ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი კლინიკა „ვივა მედის” დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ, ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან “საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა”. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები და კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ის მოხსენიებულია როგორც პაციენტი C. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„ვივამედის“ კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები იყო გადამეტებული, რაც შეუთავსებელია თერაპიისთვის გარემოს შექმნასთან. კერძოდ მე-5 სართულზე, პროცედურები უტოლდებოდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის. ამან კი ძირი გამოუთხარა მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. ეს სავალალო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა წესებმა, რომელიც არეგულირებს პაციენტთა სამედიცინო მონაცემებისადმი მოპყრობას. პაციენტების თანხმობას მოითხოვდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაცია მათი ადვოკატებისთვის მიეწოდებინათ, საპირისპირო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარებასთან წვდომაზე იღებდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რაც იმ პრინციპის აშკარა დარღვევაა, რომლის თანახმად, არასამედიცინო პერსონალს მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ უნდა მიეწოდოს მკაცრი მოთხოვნის აუცილებლობის საფუძველზე”, – CPT-ის დასკვნა.
ამავე დასკვნაში, მოცემულია საქართველოს მთავრობის პასუხი ბრალდებებთან დაკავშირებით. მთავრობის პასუხში წერია, რომ ვივამედში ყველა პატიმრის სამედიცინო კონფიდენციალურობა სათანადოდ დაცულია. მთავრობის მტკიცებით, ნებისმიერი განცხადება მედიაში პაციენტი C-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა ბრალდებების საპასუხოდ, არასათანადო მოპყრობისა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები „ვივა მედს“, დაუგეგმავად, გასული წლის მარტში ეწვივნენ და კლინიკაში არსებულ ვითარებას რამდენიმე დღის განმავლობაში სწავლობდნენ.