ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა წააგო | 18.01.2024

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა წააგო. საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ბრალად ედებოდა ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა. წელიწადნახევრიანი გამოძიების შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ საქმის მხარეებს შეატყობინა, რომ გამოძიებამ ვერ იპოვა სამხილი, რომელიც პატრიკ ლესკადრონის ან Credit Suisse-ის სხვა წარმომადგენლის მიერ კრიმინალურ ქმედებას და ფულის გათეთრებას დაადასტურებდა.

ივანიშვილი Credit Suisse-ს ორი მიმართულებით ედავებოდა. ზარალის ანაზღაურების ნაწილში ქართველმა ოლიგარქმა რამდენიმე სასამართლო მოიგო, სისხლის სამართლის ნაწილში კი დავა მისი მარცხით დასრულდა. ამ შემთხვევაში, ივანიშვილის მოპასუხე შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი, UBS იყო. რადგან ფულის გათეთრებაზე დავა UBS-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. გაკოტრების პირას მყოფი Credit Suisse მიმდინარე წლის მარტში სწორედ UBS-მა იყიდა.

ახლა, როცა გამოძიებამ Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების მტკიცებულებები ვერ დაინახა, საქმე დახურულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილი. მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ლესკადრონის სავარაუდო თაღლითობა, რომელსაც ბრალად ედებოდა ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა, წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. საბოლოოდ, ივანიშვილის ყოფილმა ბანკირმა თაღლიღობა 2015 წელს აღიარა და მოგვიანებით, სიცოცხლე თვითმკვლელობთ დაასრულა.