მოსკოველი მატრონას ხატი სტალინის გამოსახულებით, სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს | 17.01.2024

მოსკოველი მატრონას ხატი სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს.
მის ადგილას ახლა მატრონას სხვა ხატი კიდია. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან მოურავი, რომელმაც მატრონას სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამების ტაძარს შესწირა, ამბობს რომ ხატის გატანაში მას მონაწილეობა არ მიუღია და მან მხოლოდ საპატრიარქო და ხატმწერი დააკავშირა ერთმანეთს.

გასულ კვირას, ხატთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალისა და ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ საპატრიარქომ განაცხადა, რომ ვინაიდან იოსებ სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან არ დასტურდება და არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც მატრონა წმინდანად შერაცხა, აუცილებელია ხატის ამ ფრაგმენტის შეცვლა და ხატწერის კანონიკის სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

სამებიდან გატანამდე ხატს თავდაპირველი ადგილი შეუცვალეს მას შემდეგ, რაც შესხმული საღებავისგან გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს. დღეს დილიადნ კი ის ამ ადგილზე აღარ იყო. უცნობია, როდის დაბრუნდება ის ტაძარში.