კალაძის თავდასხმა ოპოზიციაზე და მერის დადებული პირობა მთავრობის სხდომაზე | 17.01.2024

წერეთლის გამზირზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ოპონენტების კრიტიკას კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თავდასხმით უპასუხა. კალაძემ ოპონენტებს ხელმოცარულები და უსამშობლოები ეძახა და მავნებლური კამპანიის აგორებაში დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის შერჩეულ ორ კომპანიას თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა, რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა ერთ დღეში, ანუ გუშინ გამოაცხადა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის კონტრაქტები 4 ახალ კომპანიასთან “ბლექ სი გრუპი”, “პარმა”, “ენკო” და “ჯეო გრუპთან” გააფორმა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, 4-ვე კომპანია ჩაერთო სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის მერიაში წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახალ კონტრაქტორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების დეტალები განიხილეს. „ბლექ სი გრუპის“ დირექტორის, განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს.

კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, ‘’მილენიუმ გრუპი და ერტედე’’ თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 15 იანვარს შეუწყვიტა. წერეთლის გამზირი უკვე 8 თვეა გადათხრილია, თუმცა მერიამ კომპანიების მუშაობაში ხარვეზები მაშინ აღმოაჩინა, როცა სამუშაოების დასრულებამდე 2 კვირა იყო დარჩენილი.

ოპოზიცია წერეათლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებიღ განვითარებულ მოვლენებში საქმეში სისტემური კორუფციის ნიშნებს ხედავს და საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.