როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია — მერიამ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები გაწყვიტა | 16.01.2024

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან: „მილენიუმ ბილდერს გრუპთან“ და „ერ ტე დესთან“ ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის განცხადებით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. საუბარია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევებსა და გრაფიკთან ჩამორჩენაზე.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა რეაბილიტაციის დასრულების ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება. იგივე გაიმეორა დღეს კახა კალაძის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა. ის ამტკიცებს, რომ წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოსთვის აღდგება.

რატომ ვერ აღმოაჩინა მერიამ 8 თვის განმავლობაში, რომ სამუშაოებთან დაკავშირებით დარღვევები იყო. კალაძის მოადგილე დღეს ამ შეკითხვამ გააღიზიანა. ირაკლი ბენდელიანის თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იგივე თანხაში დაჯდება, რაც თავიდანვე იყო გამოყოფილი და პროექტის განხორციელებისთვის არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება.

მერიის ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა „მილენიუმ ბილდერს გრუპი“. კომპანიის ტენდერების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ადგილზე მისულ კომპანიას დახვდა ისეთი ტექნიკური პრობლემები, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ იყო. მისივე თქმით, ამ საკითხებზე „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ მერიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცა.

“არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ იმ ტენდერის გამოცხადებიდან მოყოლებული იმდენი ტექნიკური პრობლემა იყო, დავალების შესრულებისას წარმოქმნილი, რა ნახაზებით და საპროექტო დოკუმენტაციითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, აღმოჩნდა, სულ სხვა რეალობა. არ იყო არანაირი დაზუსტებები, არანაირი დოკუმენტაცია, მაგალითად, სად გადიოდა კაბელები და ა.შ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, ობიექტზე შესული იყო, წყლის, ასევე, გაზის კომპანიები, „სილქნეტი“, სანამ ეს კომპანიები არ დაასრულებდნენ თავის სამუშაოებს, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებდით ასფალტის დაგებას. დამოკიდებული ვიყავით ამ კომპანიების მხრიდან სამუშაოების შესრულების სისწრაფეზე. ის კომპანიები თავის დროზე რომ ვერ ასრულებდნენ სამუშაოებს, ჩვენც ამოვვარდით გრაფიკიდან. ჩვენ ვცდილობდით, რამენაირად კომუნიკაცია გვქონოდა მერიასთან, რომ მოეგვარებინათ ეს ტექნიკური პრობლემები, მაგრამ მერიამ არანაირად, ან ვერანაირად ვერ მოახერხა კომუნიკაცია. ახლა ფორსმაჟორული მდგომარეობა გვაქვს და არ გვინდა ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ იურიდიულ კომპანიებთან და ჩვენს პარტნიორებთან, ვინც ჩვენთან არის ამ საქმეში, გავივლით კონსულტაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მერიის გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია არასამართლიანად ჩვენთან მიმართებით”, – „მილენიუმ ბილდერს გრუპის“ პასუხი თბილისის მერიას.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ახალი, თითქმის, 18 მლნ ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. მერიამ დარჩენილ ორკვირაში ახალი კონტრაქტორი კომპანია უნდა შეარჩიოს და მას იანვრის ბოლომდე სამუშაოების დასრულება მოსთხოვოს. წერეთლის გამზირი უკვე 8 თვეა გადათხრილია, თუმცა კალაძემ ახლა შეამჩნია, რომ ორი კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებდა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო და 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.