პუტინი ომს განასახიერებს, ის არ შეიცვლება – დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს ზელენსკი შეუერთდა | 16.01.2024

დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს გუშინ საღამოს შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტი. დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამუშაო დღე ნატოსგენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, ასევე მზადება ვაშინგტონში ნატო-ს სამიტისთვის და პარტნიორებთან მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე.
სტოლტენბერგის შემდეგ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათ განიხილეს უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები და შეთანხმდნენ უკრაინის კანონმდებლობის სკრინინგის დაწყებაზე. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან შეხვედრამდე მოუწოდა დავოსში შეკრებილ ლიდერებს განაგრძონ უკრაინის დახმარება, რადგან უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის და შემდგომი წლების განმავლობაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დასავლეთმა არ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელსაც სჭირდება იარაღის საკმარისი და მდგრადი მიწოდება ქვეყნის დასაცავად და მისი კანონიერი ტერიტორიების დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტი დღესვე დავოსში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, დღეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვა და დისტანციური შესაძლებლობები.

პირისპირ შეხვედრების შემდეგ ზელენსკიმ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, წელს მიღებულ უნდა იქნას მტკიცე გადაწყვეტილება რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, რათა ის უკრაინის აღდგენას და ომისგან დაცვას მოხმარდეს. ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები ვერ უშლის ხელს რუსეთს რაკეტები აწარმოოს და ის ფაქტი, რომ რუსეთის ბირთვული სექტორი ჯერ კიდევ არ არის შეზღუდვების ქვეშ, არის დასავლეთის სისუსტე.