ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას | 16.01.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე არიან.

შვეიცარიაში მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. დავოსი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე, ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.