ლაზარე გრიგორიადისი განაჩენის მოლოდინში | 15.01.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვის მოთხოვნა გააუქმა. ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბრალდებულთან კონსულტაციის საფუძველზე, დროის მოგების მიზნით იქნა მიღებული. ლაზარეს საქმეზე მორიგი პროცესი 26 თებერვალს ჩაინიშნა და არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე ამავე დღეს გავიდეს სათათბიროდ, გადაწყვეტილების მისაღებად.

ბრალდების მხარემ გრიგორიადისის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროკურორის თქმით, მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ლაზარეს მეგობრები იყვნენ შეკრებილები. ისინი ხელისუფლების მხრიდან გრიგორიადისის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნება“ ლაზარეს სამაგალითოდ სჯის.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც ადგილზე დაიწვა. გამოძიების მტკიცებით, ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. რუსული კანონის გაპროტესტების შემდეგ დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.