რუსული კანონი, დარბეული აქციები, ოპონენტების დევნა — Human Rights Watch-ის კრიტიკული ანგარიში | 12.01.2024

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა არათანაბარი იყო. დოკუმენტში განხილულია რუსული კანონის მიღების მცდელობა და მარტის აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა. Human Rights Watch-ის შეფასებით, ამ კანონით ხელისუფლება დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაციას და დასჯას აპირებდა.

“თებერვალში, მმართველი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციამ წამოიწყო საკამათო კანონპროექტის ორი ვერსია: ერთი, რომელიც მოითხოვდა, რომ არასამთავრობო ჯგუფები და მედიასაშუალებები, რომლებიც იღებენ თავიანთი წლიური შემოსავლის 20 პროცენტს ან მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“. მეორე კი მსგავს მოთხოვნებს უწესებდა ინდივიდუალურ პირებს. კანონპროექტებს ფართო კრიტიკა მოჰყვა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და სხვათა მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებდა, რომ კანონპროექტების მიზანი დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა იყო, მათი საჯარო განცხადებები იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ აპირებდნენ დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციასა და დასჯას. საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო ერთ-ერთი კანონპროექტი. ორდღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი უკან გაიწვია იმ მოტივით, რომ ვერ შეძლეს კანონპროექტი საზოგადოებისთვის განემარტათ”, – Human Rights Watch-ის ანგარიში

Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ. დოკუმენტში განხილულია ჟურნალისტებზე თავდასხმის და მუქარის ფაქტები, ასევე, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შემზღუდავი წესის მიღება. ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმა.

“მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში მავნე ჩარევის ფაქტზე. თებერვალში პარლამენტმა მიიღო ახალი, შემზღუდველი რეგულაციები მედიის აკრედიტაციის შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უფლებას აძლევს ხელისუფლებას აუკრძალოს ჟურნალისტებს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის კითხვების დასმა, თუ ისინი უარს იტყვიან ინტერვიუზე. ჩინოვნიკებმა ცვლილებების გასამართლებლად მედიის მიერ დეპუტატების შევიწროება დაასახელეს. სახალხო დამცველის ოფისმა გააკრიტიკა მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ეფექტური გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის წესები. წესის მიღების შემდეგ, პარლამენტმა წამყვანი კრიტიკული მედია საშუალებების 9 ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა. ჟურნალისტების თქმით, ეს მათი კრიტიკული კითხვების გამო მოხდა. ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. შეწყალება მოჰყვა ივნისში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაამტკიცა გვარამიას უაღრესად საკამათო ნასამართლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, მენეჯერული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მან მიიღო სხვა კერძო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დროს”, – Human Rights Watch-ის ანგარიში.

საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებაც. Human Rights Watch-ი მიუთითებს ევროპარლამენტის თებერვლის რეზოლუციაზე, რომელშიც „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ ის და მისცენ წვდომა „სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე“ უცხოეთში.