რატომ გაათავისუფლა შალვა პაპუაშვილმა გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტიდან. პარლამენტის თავმჯდომარე პირველ განმარტებებს აკეთებს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებას ემსახურება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე ის დამატებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობიდან გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება საქართველოს პენცენტრი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვებს აჩენს კეკელიძის მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო. პენცენტრი ეროვნული ბიბლიოთეკის უკვე ყოფილ დირექტორს სოლიდარობას უცხადებს.
კეკელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გიორგი კეკელიძემ დაწერა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. ირკვევა, რომ იმ პარტიის პარლამენტის თავმჯდომარემ, რომლის პოლიტიკური ძალა ქვეყანას უკვე 12 წელია მართავს, კეკელიძეს უთხრა, რომ 11 წელი თანამდებობაზე ყოფნა დიდი დროა. ცნობილია ისიც, რომ გიორგი კეკელიძეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.