„ქართული ოცნება“ დანიის ელჩის წინააღმდეგ – ელჩმა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია | 11.01.2024

მმართველი პარტიის წარმომადგენლები უპასუხისმგებლოს უწოდებენ საქართველოში დანიის ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს, რომელმაც  ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება აქვს განხილული.

ელჩი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო – როგორც ევროკავშირმა, ასევე უკრაინამ რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება არ შეეწინააღმდეგა მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, გაზარდეს ვაჭრობა.

“ქართული ოცნების” პარტია, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელმძღვანელობს, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიის გაჩუმებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო უკრაინამ და ევროკავშირმაც დაადანაშაულეს რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკის გატარებაში, რადგან მათ არ აღკვეთეს ზაფხულში მოსკოვთან ფრენების აღდგენა და არ დაუწესეს სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, ვაჭრობა გაზარდეს რუსეთთან. პოლიტიკას აკრიტიკებენ, როგორც შეუსაბამოს ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 90-მდე პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს”, – დანიის ელჩის ინტერვიუ OP-ED- ში.

დანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია, მმართველი გუნდის წევრები უპასუხისმგებლოს და თავხედურს უწოდებენ. მათი  თქმით, დიპლომატს “ზედმეტი მოსდის “, ხოლო მისი, ეს განცხადება ქვეყანაში რადიკალური შეხედულებების გაძლიერებას ემსახურება. “ოცნების” წევრები  ელჩს მოუწოდებენ მომავალში უფრო ფრთხილი იყოს.

დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.  საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დიპლომატს განმარტებები მოსთხოვეს  დანიურ  გამოცემაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან  და მასში მოცემულ  “არასწორ ფაქტებსა” და  პოლიტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით: ილია დარჩიაშვილის უწყებამ  შეხვედრაზე  აღნიშნა   რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა  მნიშვნელოვან ფაქტობრივ  უზუსტობებს  და არაობიექტურ შეფასებებს.  განცხადებაში ასევე ნატქვამია რომ პუბლიკაცია  ცალკეული  ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის –  დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

პარალელურად განცხადება გაავრცელა დანიის საელჩომ საქართველოში. დიპლომატიური უწყება წერს, რომ  დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი რომელიც,  კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან.