სამებაში განთავსებულ მატრონას ხატიდან სტალინის გამოსახულება წაიშლება – საპატრიარქოს განცხადება | 11.01.2024

სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონას ხატიდან სტალინის გამოსახულება წაიშლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, ამიტომ ამ ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია. საპატრიარქო შემომწირველებს მიმართავს, შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას თავად გააკეთებენ.

“სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი  ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და  დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით. ვინაიდან ი.სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც. მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ  გავაკეთებთ”, – საპატრიარქოს განცხადება.

საპატრიარქოს განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მიმართვის ადრესატები. ირმა ინაშვილი, რომელმაც ხატი სტალინის გამოსახულებით სამების ტაძარს შეწირა, წერს, რომ საპატრიარქოს მოწოდება მისაღებია. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხატის შეურაცხყოფას ვინმეს აპატიებენ.

“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!”, – ირმა ინაშვილის განცხადება.

ინაშვილისგან განსხვავებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ რადიკალური დაჯგუფება „ალტინფოს“ ლიდერები და მხარდამჭერები. მათი თქმით, საპატრიარქომ უკან დაიხია, რაც არასწორია. პრორუსული დაჯგუფების წევრები საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად აქციას მაინც აანონსებენ.

რადიკალების კრიტიკის გამო საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ განმარტების გაკეთება მოუწია ანდრია ჯაღმაიძეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი წერს, რომ ხატთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებულია. ამ არგუმენტით ჯაღმაიძე „ალტინფოელებს“ პასუხობს, რომელთა ნაწილიც საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

“საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ, ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება  ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული”, – ანდრია ჯაღმაიძის განცხადება.

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მის ერთ–ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. ის გავრცელებულ ვიდეოში ფაქტს კრიტიკულად აფასებდა და იხსენებდა თუ როგორ ებრძოდა სტალინი ეკლესიას.

რუსული მედიის თანახმად, ხატი, სადაც მატრონა სტალინთან ერთად არის გამოსახული, თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ტაძარში 2008 წელს გამოჩნდა. მისი სახელწოდებაა „ნეტარი მატრონა აკურთხებს იოსებ სტალინს“ და ასახავს მათ შეხვედრას. ხატის ავტორი თანამედროვე ხატმწერი გვარად პივნიკია, ხოლო ხატის შექმნის ინიციატორი, მღვდელი ევსტათი (ჟაკოვი), რომლის განცხადებით, ხატი „კანონიკურია, რადგან მას აქვს წმინდა ხატის ყველა ატრიბუტი“. თუმცა რუსეთში უკვე დიდი ხანია კამათობენ როგორც ხატის კანონიკურობაზე, ისე თავად მატრონასა და სტალინის შეხვედრის ნამდვილობაზე.