“პიჯაკების საქმეზე” სააკაშვილი სასამართლოზე დისტანციურად არ ჩაერთო, პროცესი გადაიდო | 10.01.2024

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. სხდომას დისტანციურად ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით ექსპრეზიდენტი დღეს არ ჩაერთო.

პროკურორების განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან წარდგენილ ოქმში მითითებული არ იყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, სურდა თუ არა მას მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის გაგრძელება.

ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმა იყო, მისი მონაწილეობის გარეშე სხდომა გაგრძელებულიყო. თუმცა, მოსამართლემ სხდომა 21 თებერვლამდე გადადო. ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, სასურველი იყო, ოქმში მსჯავრდებულს მკაფიო ნება გამოეხატა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.