შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიში დათქმულ ვადაში წარუდგინოს | 09.01.2024

შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წლიური ანგარიში დათქმულ ვადაში წარუდგინოს – სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა კონსტიტუციით და რეგლამენტით არის განსაზღვრული და ის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, ანუ 6 თებერვალს უნდა შედგეს. ეს პრეზიდენტის რანგში  ზურაბიშვილის ბოლო წლიური ანგარიშია. მმართველი პარტიის და პრეზიდენტის დაპირისპირების გამო, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ დემარშს მოუწყობს და პრეზიდენტს ხელს შეუშლის წლიური ანგარიში პარლამენტში წარადგინოს.

დაბლოკავს თუ არა “ქართული ოცნება” ზურაბიშვილის ყოველწლიურ გამოსვლას, ჯერჯერობით უცნობია. ამისთვის უმრავლესობას რამდენიმე პროცედურული ინსტრუმენტი აქვს.  უმრავლესობის ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენისას ბოიკოტს გამოუცხადებენ. მისი თქმით გადაწყვეტილებას მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს საფუძველზე მიიღებენ.                                                                                                                                                              “ქართულმა ოცნებამ” დეკემბერში  პრეზიდენტი ელჩების ყოველწლიურ ამბასადორიალზე არ მიიწვია.  იქამდე კი, სახალხო ევროპულ ზეიმზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ თავისუფლების მოედანზე გაიმართა, მას სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მმართველი პარტიის ეს ბოლოდროინდელი ნაბიჯები ოპოზიციაში ტოვებს განცდას, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს დაბლოკავს.