სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებაში — ინაშვილის, თარხან-მოურავის და ჯაღმაიძის განმარტებები | 08.01.2024

რამდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილი ელოდება კითხვაზე პასუხს, რატომ არის სამების საკათედრო ტაძარში ხატი იოსებ სტალინის გამოსახულებით. ირკვევა, რომ ხატი საბჭოთა დიქტატორის გამოსახულებით სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა შესწირეს. ირმა ინაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხატებზე გამოსახული დიქტატორები უცხო რამ არ არის ქრისტიანული სამყაროსთვის და ამის მაგალითია იმპერატორი დიოკლეტიანე წმინდა გიორგის ხატზე. პრორუსული პარტიის ლიდერი საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას უსაფუძვლოს უწოდებს და მას ეკლესიაზე თავდასხმად აფასებს.

ინაშვილის მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა დავით თარხან-მოურავმაც. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ხატზე ასახულია ერთ-ერთი ეპიზოდი წმინდა მატრონას ცხოვრებიდან, როცა სტალინმა, მისი თქმით, თავი დაიმდაბლა და წმინდანთან მივიდა.

თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ხატი არა სტალინის არამედ, წმინდა მატრონასია და ამ თემის საშობაოდ გააქტიურება დღესასწაულის სკანდალით გადაფარვას ემსახურება.

“შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ზოგი ტელევიზია კი სტალინზე უყვება თავის მსმენელს, რეალურად დასცინის მსმენელს. მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა. ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის”, – ანდრია ჯაღმაიძის განცხადება.

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მის ერთ–ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც. ის გავრცელებულ ვიდეოში ფაქტს კრიტიკულად აფასებს და იხსენებს თუ როგორ ებრძოდა სტალინი ეკლესიას.