რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის | 05.01.2024

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის. ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ამჯერად რუსეთის ფედერაციაში შემავალ ბაშკირეთის დედაქალაქ უფასა და თბილისს შორის იწყებს. პირველი რეისი 26 იანვარს შესრულდება. ცალმხრივი მიმართულების ბილეთის ფასი ამ დღეს 110 დოლარია. „აზიმუტი” რეისებს საქართველოში მოსკოვიდან, სოჭიდან და მინვოდიდანაც ახორციელებს. ასევე, აქვს ფრენა მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით.

„აზიმუტმა“ საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო. თავდაპირველად, კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. „აზიმუტი“ უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული. სანქცირებულთა სიაში არის კომპანიის სამივე დამფუძნებელი – ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც. „აზიმუტი“ იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან პირველი ფრენა განახორციელა – მას შემდეგ, რაც პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიამიმოსვლა განახლდა.