დღეიდან 7 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება | 05.01.2024

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის, მონაკვეთზე გადაადგილება კვლავ შეზღუუდულია. ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ პოლიციის ნებართვით არის შესაძლებელი. თუმცა, მოძრაობა სრულად ეზღუდებათ დიდი გამავლობის მქონე ავტომობილებს.

სოფელ ხაიშთან კლდის ნაწილი 3 იანვარს, საღამოს საათებში ჩამოიშალა და გზა ჩახერგა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ დრომდე ცდილობს გზის გაწმენდას, თუმცა სამუშაოებს უამინდობა და ქვათაცვენის მომეტებული რისკი აფერხებს.

გუშინ, 4 იანვარს, მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ გზის გახსნას. მათი თქმით, მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ და მხოლოდ ადგილზე მისულებმა გაიგეს ქვათაცვენის საფრთხის შესახებ.

დღეიდან 7 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელ ამინდის პროგნოზზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში საუბრობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.

უამინდობის გამო, შეზღუდვებია დაწესებული ცენტრალურ ავტომაგისტრალებზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდულია ლარსის მონაკვეთზეც, სადაც გადაადგილება დიდი ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეკრძალებათ. ქვეყნის სხვა ავტომაგისტრალებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.