„ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ნიკორწმინდის დაზიანებული კედლის ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაციაც 2017-2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება. მისივე თქმით, ქვის შეფერილობაც შეცვლილია, ჩრდილოეთ ფასადზე კი თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია.
“2017-2019 წლებში სახურავის გამოცვლასთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარში მოხდა ქვის რესტავრაციაც. რაც გულისხმობდა ისტორიული დაზიანებების შევსებასაც. წყლით პერმანენტული ზემოქმედების შედეგად სახეზეა შევსების ადგილების დაზიანება, შემავსებელი მასალის გამორეცხვის შემთხვევები. სახურავს რომ სეგმენტურად ხარვეზი აქვს ირკვევა იმით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წყალი არა სახურავის ზედაპირიდან, არამედ სპილენძის ფენის შიგნიდან მოედინება. რაც შეეხება ნალექს, თოვლი რაჭის კლიმატისთვის უცხო არ არის, მძიმე ზამთარი ახასიათებს და თოვლის საძირკველში დნობა ინტენსიურ დატენიანებას იწვევს, რაც გამოხატულია ცოკოლოს და კედლის დასველებაში აღმოსავლეთ მხარეს. გაუგებარია ქვის ორნამენტების და სარესტავრაციო მასალის წარმომავლობა და ბედი, რომელიც იქვე, ცოკოლთანაა მიყრილი. რამდენადაც ძეგლების მონიტორინგი რესტავრაციის შემდეგ იშვიათად, ან არასდროს ხდება და რესტავრაციიდან 4 წელია გასული, ამ ყველაფერზე ადეკვატური პასუხი იქნებოდა : “ჩავალთ და შევისწავლით არსებულ ვითარებას”. იქნებ ძალიან მცირე ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ზიანი მუდმივი არ გახდეს და მდგომარეობა გამოსწორდეს. თბილისიდან დანარჩენი საქართველოს დამშვიდება, რომ ნიკორწმინდაში არაფერი საგანგაშო არ ხდება, მიუხედავად მასშტაბებში სხვაობისა, დამოკიდებულებებში გელათის კატასტროფის პირველ ეტაპს მახსენებს, როცა ყველა უარყოფდა პრობლემებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ველით ნიკორწმინდის შესახებ ოფიციალურ განმარტებებს”, – თორნიკე ბარათაშვილი.
გავრცელებულ ინფორმაციას ნიკორწმინდაში არსებული ვითარების შესახებ გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე არ ემუქრება და ის არ არის განადგურების რისკის ქვეშ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ძეგლს მხოლოდ „მცირე დაზიანებები“ აქვს.
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია. ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი. სააგენტოს თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს განხორციელდა 2023 წლის აგვისტოში. შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს. სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს”, – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.