ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლა პოლიტიკაში | 30.12.2023

„ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობაზე დღეს ოლიგარქი ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ივანიშვილი ახალ პოსტზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რის შემდეგაც ის სიტყვით გამოვიდა. ოლიგარქმა 2024 წლის არჩევნების წინ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, განადგურებულმა ოპოზიციამ „ოცნებაში“ შიდადაპირისპირების და კორუფციის რისკი გაზარდა, რამაც აიძულა პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო.

სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ პოლიტიკაში არ ყოფნის დროს ის პარტიას არაფორმალურად მართავდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა პარტიის 2-3 ლიდერთან და მათ რჩევებს აძლევდა, რათა ქვეყანაში რთული პროცესები არ განვითარებულიყო. ამ კონტექსტში ოლიგარქმა გიორგი გახარია ახსენა და ის „ქართული ოცნების“ ღალატში დაადანაშაულა.

ოლიგარქმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახლა, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ივანიშვილს არ დავიწყებია არც კრიტიკული მედია და ტელევიზიებს, რომლებსაც თვითონ ვერ აკონტროლებს პარტიული, თუმცა არაფექტური უწოდა.

ივანიშვილმა, რომელსაც რუსეთთან კავშირებში ხშირად ადანაშაულებენ, დღეს სცადა დაემტკიცებინა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციაა. ოლიგარქმა დროის გარკვეული ნაწილი სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბარს დაუთმო.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის არაპირებს პარტიის თავმჯდომარის ფუნქციების შეთავსებას. მისი თქმით, „ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, თვითონ კი პარტიულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით.

ოლიგარქის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნა ისევ კობახიძემ დაიკავა და ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. დღევანდელ ყრილობაზე მმართველმა გუნდმა განახლებული პოლიტსაბჭოც აირჩია.