„მთავარი არხის“ დამფუძნებელი აანონსებს, რომ 2024 წლის თებერვალში ის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიით გამოვა. „მთავარი არხის“ ეთერში გვარამიამ თქვა, რომ პოლიტიკაში ახალ, ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად, ახალი იდეებით მიდის. მისივე თქმით, პარტიაში იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადამიანები, რომელთა ნაწილიც პარტიულ საქმიანობაში აქამდე არასდროს ყოფილა ჩართული.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ მოლაპარაკებები და კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან აქვს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ის ამბობს, რომ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან, რომლის მიზანიც საქართველოს ევროინტეგრაციაა. გვარამია ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები აქვს ხოშტარია-ჯაფარიძის პარტიებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან.
საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციას ნებისმიერი კონფიგურაციით არჩევნებში მარცხს უწინასწარმეტყველებენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კვლავ „ქართული ოცნება“ მოიგებს.