ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც „ოცნების“ უმრავლესობამ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობის გეგმა დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 იყო. ოპოზიცია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება, 52-სართულიანი და 40-სართულიანი ცათამბჯენების აშენებას ეწინააღმდეგებოდა. ისინი იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რაც, შესაძლოა, ცათამბჯენების აშენებამ დედაქალაქს შეუქმნას.
საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანამდე, ცათამბჯენების მშენებლობას მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ. ოპოზიციამ ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა. განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საკითხი მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად თბილისის მერიაში ბრუნდება. მერია ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით იღებს. პროექტის თანახმად, გმირთა მოედნის მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, ორი ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.