ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა. თბილისში, რუსთავში, მცხეთაში ბიზნესს წყალი გაუძვირდა | 28.12.2023

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი სემეკ-მა დაამტკიცა. ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
თბილისში 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, საყოფაცხოვრებო მოხმარებისას დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება. შესაბამისი სამთეთრიანი კლება შეეხება რეგიონებსაც. ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფის პარალელურად სამ ქალაქში თბილისში, რუსთავში და მცხეტაში ბიზნესს წყლის ტარიფი ეზრდება. 1 იანვრიდან თბილისში კომპანიებს წყალი 35%-ით უძვირდებათ. გადაწყვეტილება დღეს სემეკის სხდომაზე მიიღეს. უწყების ინფორმაციით, ფასის ზრდა გამოწვეულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. ამის გამო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს 2024-2026 წლებში თითქმის 364 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია შეუთანხმა.