პარტიაში პოლიტიკური პროცესები არასწორად ვითარდება – ნაცმოძრაობა პარტიის კიდე 3-მა წევრმა დატოვა | 25.12.2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამი წევრი პარტიას და ფრაქციას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება „ძალა ერთობაშიას“ ფეისბუკგვერდზე დღეს გავრცელდა. საუბარია ბაჩო ახალაძეზე, ხათუნა ბერიშვილსა და მარინე თავაძეზე. მათი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ე.წ „კვიპროსის კლუბის“ მიერ არაფორმალურად იმართება, ამიტომ ისინი პარტიას ტოვებენ და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან.

ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 7 დეკემბერს განაცხადა. ამას წინ უძღოდა პარტიაში არსებული დაპირისპირება, რის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არაერთმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასულები გადაწყვეტილების მიზეზად ახალი მენეჯმენტის ქმედებებს ასახელებენ და ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არაფორმალურად იმართება.