ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო | 25.12.2023

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ევროჯასთთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. მისი თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით და კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ. ასევე, სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ. ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პროკურატურა ბრალდებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს.