თუ მოვკვდები, ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ – სააკაშვილი გახარიას გუნდს პასუხობს | 22.12.2023

მიხეილ სააკაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც გახარიას გუნდმა სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნება მოითხოვა. მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ მოთხოვნის ავტორები ადამიანურობისგან დაცლილი არსებები არიან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს მოწოდება მის კიდევ უფრო მეტად იზოლაციაში მოქცევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამომრჩეველთან კომუნიკაციის სრულ შეზღუდვას ემსახურება. მისი თქმით, სიმპტომების 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ კარგად იცის.

“გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი “სასამართლო” სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს. ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია. მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება) შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

გუშინ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ხელისუფლებას სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში დაბრუნებისკენ მოუწოდა. პარტია „საქართველოსთვის“ მტკიცებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და მონაწილეობას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი” უკრძალავს. დაუშვილმა გუშინ „ოცნება“ სასამართლოს წინასაარჩევნო პიარმიზნებისთვის გამოყენებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაშიც დაადანაშაულა.