წესიერად ილაპარაკე! – დაპირისპირება და ხმაური საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე | 21.12.2023

დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე ბორდის წევრ ლიკა ბასილაიას და პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, ტელეწამყვან გიორგი გვიმრაძეს შორის პირველ არხზე დახურული გადაცემების საკითხის და ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა.  ბორდის წევრები დაინტერესდნენ, რის მიხედვით შეარჩია არხმა დასახური გადაცემები.

ბორდის დღევანდელი სხდომა სამი წევრის მოთხოვნით შეიკრიბა. ლიკა ბასილაია, ლაშა ტუღუში და ზაზა აბაშიძე დაინტერესდნენ, რატომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2024 წლიდან 7 გადაცემის, მათ შორის დავით გორგილაძის გადაცემის და ტელესკოლის არხის დახურვის შესახებ და რითი შეივსება გამოთავისუფლებული დრო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა სხდომაზე თქვა, რომ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას უკავშირდება, რის გამოც 2024 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის თითქმის 7-მილიონიანი ზრდა ვეღარ მოხდება. არხის ხელმძღვანელის თქმით, პროგნოზირებული თანხის გამოკლებამ აიძულა ხარჯები შეემცირებინათ. იმის გამო, რომ მომავალ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადადის,ერთადერთი, გზა, რითაც ხარჯების შემცირება იყო შესაძლებელი გადაცემების დახურვაა.

ბორდის სამი წევრის შეკითხვები თავიდანვე დესტრუქციად აღიქვა ბორდის თავჯდომარემ და სხდომის შეწყვეტით დაიმუქრა.

დაპირისპირება ლაშა ტუღუშსა და ვასილ მაღლაფერიძეს შორისაც მოხდა. ამის მიზეზი ბიუჯეტის საკითხი იყო და ასევე ის, რომ ბორდის წევრები პროცესების საქმის კურსში არ ჩააყენეს.

ბორდის თავმჯდომარე დღეს იმას ამტკიცებდა, რომ გადაცემების დახურვაში განსაკუთრებული არაფერია და ამის გამო არხის თანამშრომლების ბულინგი არ შეიძლება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აქამდე ყოველწლიურად  მთლიანი შიდა პროდუქტის 0.14 პროცენტის ოდენობით ფინანსდებოდა. ძველი მოდელით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა და 2026 წლისთვის 106 მილიონ ლარს გადააჭარბებდა.  პარლამენტმა დაფინანსების წესის შეცვლა ორი თვის წინ გადაწყვიტა და პროექტი ორი მოსმენით მიიღო კიდევაც, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ზრდა, უმრავლესობის აზრით, არაადეკვატურად სწრაფად ხდებოდა. დაფინანსების წესის ცვლილება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააპროტესტა, რის შემდეგაც შედგა შეთანხმება ახალი წესის შესახებ: მომავალში  მაუწყებლის ბიუჯეტი 18 წელს გადაცილებული ყოველი დასაქმებული მოქალაქის მიერ გადახდილი მოსაკრებლისგან შედგება.

შემდეგი ორი წელი კი საბიუჯეტო დაფინანსება დაახლოებით იგივე დარჩება, რაც 2003 წელს იყო, ანუ დაახლოებით 85 მილიონი ლარი. ეს თანხა იმაზე რამდენიმე მილიონით მეტია, ვიდრე  ყველა დანარჩენი ტელევიზიის შემოსავალი ჯამურად. საბიუჯეტო დაფინანსების გარდა საზოგადოებრივ მაუწყებელს სარეკლამო შემოსავლებიც აქვს.

იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში აღარ გაიზრდება, არხის მენეჯმენტმა თანხები ისე გადაანაწილა, რომ რამდენიმე პროექტი 2024 წლის იანვრიდან იხურება.