გადაეცემა თუ არა ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს?! | 21.12.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს 28 დეკემბერს განიხილავს. საქართველოს  დროებით ოკუპირებული რეგიონის ე.წ ხელისუფლებას შეთანხმების დამტკიცება ახალ წლამდე სურს.  ინფორმაციას  ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. “ქართულ ოცნების” ლიდერები კი ამბობენ, რომ ოკუპაციის დროს მიღებული ყველა უკანონო გადაწყვეტილება დეოკუპაციის შემდეგ  ანულირებული იქნება. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნება გამოყენებული რომ მსგავს ფაქტებს შესაბამისი პასუხი გაეცეს.

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე მედიასთან კომენტარი გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არალეგიტიმურს უწოდებს.

გავრცელებულკიი ინფორმაციით იგეგმება ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო მდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადაცემა. შესაბამისი შეთანხმება რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ 2022 წლის იანვარში მოსკოვში გააფორმეს. ამ საკითხს აფახაზური საზოგადოების  პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვეს, რომ ე.წ. პარლამენტმა არ მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება და “აფხაზეთის ლიდერმა” შეთანხმება გაიწვიოს.

2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). ეს ობიექტები რუსეთს 49 წლით გადაეცემა, თითოეულ ნაკვეთზე წელიწადში 1 რუბლის გადახდის სანაცვლოდ. აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.

მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი 49 წლის შემდეგ  ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.