„ქართულ ოცნებისთვის “ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაუგებარია | 20.12.2023

„ქართულ ოცნებაში“ „გაუგებარს“ უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვენყნებული რეკომენდაციების მიუხედავად მმართველ პარტიაში  ამტკიცებენ, რომ პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი უწყებაა.  რაც შეეხება საარჩევნო კოდექსთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ოცნებაში ამბობენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ისეთი შინაარსისაა, რომელიც უკვე წარსულია და მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესსა და განვითარებას.

01 სექტემბრიდან საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო ამოქმედდა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უნდა განახორციელოს. მის ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ოპოზიცია თავიდანვე საუბრობდა უწყების დამოუკიდებლობის პრობლემის  შესახებ და ამტკიცებდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი  ღარიბაშვილმა საკუთარი დავალებების შესასრულებლად დანიშნა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციით იყო განსაზღვრული.

კრიტიკული აღმოჩნდა ამ სტრუქტურის მიმართ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს. ვენეციის კომისია თვლის,   რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონით გამყარებულ დამატებით გარანტიებს მოითხოვს. ვენეციის კომისიის დასკვნით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერ-მინისტრის ხელშია.

ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარია საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების  პროექტთან დაკავშირებითაც.  ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაშია წერია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. ვენეციის კომისია და ოდირი ასევე იმეორებენ თავიანთ წინა რეკომენდაციებს საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით.