111 ორსული ქალი ფიქტიურად გააფორმეს სამსახურში და 111 000 ლარი მიითვისეს- საგამოძიებო სამსახური | 19.12.2023

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფიქტიური დეკრეტული შვებულებების გაფორმების ბრალდებით 6 პირი დააკავა. აქედან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ორი კი კომპანიის ბუღალტერი.  გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები 2020–2022 წლებში წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით ფეხმძიმე ქალებთან დანაშაულებრივ გარიგებებში შევიდნენ, ისინი ფიქტიურად გააფორმეს მათ კომპანიებში, დაამზადეს ყალბი დოკუმენტები და მათი გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორსულებისთვის გამოყოფილი ფულადი დახმარება მიიღეს. ჯამში თანხამ 111 ათასი ლარი შეადგინა. თანხის ნაწილი ბრალდებულებს დარჩათ, ნაწილი კი ფეხმძიმე ქალებს გადაუხადეს.  საგამოძიებო სამსახური დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.