გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია მარტივდება. საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა და საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით საქართველოს აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსი დაბალია.
გერმანული მხარის ინფორმაციით, მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, თუმცა ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა.
საქართველოს შს მინისტრმა თქვა, რომ გერმანიიდან არ გამოაძევებენ ლეგალურად დასაქმებულებს და სამკურნალოდ მყოფებს, რომელთაც შესაბამისი პროცედურა საქართველოში ვერ უტარდებათ.
შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.