საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ღარიბაშვილმა მოხსენება არა პარლამენტში, არამედ სასტუმრო „შერატონში“ წაიკითხა, რის გამოც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისთვის შეკითხვების დასმა ვერ შეძლეს. პრემიერმა ანგარიში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საუბრით და ბიძინა ივანიშვილის ქებით დაიწყო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს რეალურ ევროპეიზაციას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.
ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენა პროპაგანდისტული გზავნილების გახმოვანებისთვის გამოიყენა. პრემიერ-მინისტრმა ისევ გაიმეორა, რომ ქვეყნის შიგნით ე.წ „რადიკალურ ძალებს“ საქართველოს ომში ჩაბმა სურდათ, თუმცა ხელისუფლებამ ეს საფრთხე თავიდან აიცილა. ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი ახსენა და ისევ ოცნების არაფორმალური ლიდერი შეაქო. მისი თქმით, 2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა.
ვრცელი შესავლის შემდეგ, რომელიც ძირითადად ივანიშვილის ქებას ემსახურებოდა, პრემიერმა ე.წ „ეკონომიკურ მიღწევებზე“ ისაუბრა. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ბოლო 11 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მე-3 ადგილზე, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით კი საქართველო მე-10 ადგილზე იკავებს.
პრემიერის წლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან, მმართველი პარტიის ლიდერები, ელჩები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.