საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, გუშინ გამართულ სამიტზე მიიღეს. ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს. ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ, ცნობილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადების შემდეგ გახდა.
უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი მხოლოდ ვიქტორ ორბანი იყო. თუმცა, როცა ევროპული საბჭოს სხდომაზე კენჭი უნდა ეყარათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დარბაზი დატოვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, წინადადება, რომ ორბანს სხდომათა დარბაზი დროებით დაეტოვებინა, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ეკუთვნის. დარბაზიდან ორბანის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერებმა ხმა მისცეს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ითვლება.
სხდომაზე დაბრუნებულმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა. ევროპულ საბჭოში განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო” და ამ საკითხს მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ ოღონდ 2024 წლის დასაწყისში.