ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა, ასე რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ოლივერ ვარჰეი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან და, საბოლოოდ, დაადასტურებენ კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ევროკომისიის პრეზიდენტი სტრასბურგში დებატებს დაესწრო, რომელსაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების წინ ევროდეპუტატებმა გამართეს. ის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ომში მყოფი ქვეყნის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.
“უკრაინა არის პრიორიტეტი”! – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის საპარლამენტო მდივანმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა. პასკალ იგნასიო ნავარო როისა მიიჩნევს, რომ ომში მყოფ ქვეყანას დიპლომატიური, პოლიტიკური, სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება.
პარალელურად, ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებას და მიესალმება ევროინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებს.
14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, იწყებს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან და ანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს.