უამინდობის გამო რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს | 25.12.2023

უამინდობის გამო რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა რეისმა განაახლა მოძრაობა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში, სადაც მატარებლები გარკვეული დროით სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩერებულები იყვნენ და მოძრაობას ვერ ახერხებდნენ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უღელტეხილის მონაკვეთზე ქვესადგურები იყო გათიშული და რკინიგზის საკონტაქტო ქსელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა რეგიონებშიც. წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. დაზიანებულია გადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს და მოგლიჯა ხეები, რის გამოც პრობლემები შეიქმნა გადაადგილებაზეც. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ იმისთვის, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას.

გუშინ დასავლეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში წაქცეულმა ხემ შეაჩერა, რადგან რკინიგზის ინფორმაციით საკონტაქტო ქსელი დააზიანა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ლიანდაგები გაეწმინდათ. შეყოვნდა რამდენიმე რეისი. მოძრაობა გუშინ თორმეტი საათისთვის აღდგა.