რას ამბობს ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან გამოგზავნილ წერილში | 12.12.2023

„რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან წერილს ავრცელებს. მან მედიის კითხვებზე საპასუხო წერილი “ინტერპრესნიუსს” გაუგზავნა. გრიგორიადისი ამბობს, რომ საქმეზე განაჩენის შემდეგ მისი ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. ის წერილში იხსენებს მარტის აქციებსაც და ამბობს, რომ მაშინ არამარტო რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, არამედ იცავდნენ ქვეყნის ევროპულ კურსს.

“ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის. რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ”, – ლაზარე გრიგორიადისის წერილი.

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანს. მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედევებიან. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ და 9 მარტს, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. „რუსული კანონის“ გაპროტესტების შემდეგ დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.