მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური არჩევანი ჯერ არ აქვს – რა წერია NDI-ის კვლევაში | 11.12.2023

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ საქართველოში 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარებულ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური არჩევანი ჯერ არ აქვს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა. არცერთი პარტია 47%; „ქართული ოცნება“ 19%; უარი პასუხზე 13%; არ ვიცი 6%; „ნაციონალური მოძრაობა“ 4%; სხვა პარტიები 12%. სახელისუფლებო პარტიას ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა ახალგაზრდებში აქვს.

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. კითხვაზე, “ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მაქსიმუმ სამი პასუხი” – პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: ფასების ზრდა/ინფლაცია – 37%; სამუშაო ადგილები – 35%; სიღარიბე – 28%; ტერიტორიული მთლიანობა – 23%; პენსიები – 20% ხელფასები – 17%; განათლება – 11%; ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 8%; ადამიანის უფლებები – 8%; NATO-ში გაწევრიანება – 7%; ევროკავშირში გაწევრიანება – 7%; სამართლიანი არჩევნები – 6%; რუსეთთან ურთიერთობა – 6%; სიტყვის თავისუფლება – 5%; საკუთრების უფლება – 4%; გარემოს დაცვა – 4%; კორუფცია – 4%; სამართლიანობის აღდგენა – 3%; სასამართლო სისტემა – 3%; კრიმინალი – 3%;

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. შეკითხვაზე, „რომელ ქვეყნებთან და გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა?”, შედეგები ასე გამოიყურება: ევროკავშირი – 60%; აშშ – 38%; რუსეთი – 20%; NATO – 17%; თურქეთი – 13%; აზერბაიჯანი – 10%; სომხეთი – 4%; სხვა – 11%; არ ვიცი – 14%; უარი პასუხზე – 1%.

კითხვაზე, „ამ ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას“, პროცენტული მაჩვენებლები 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით ასე გადანაწილდა: ფული არ გვყოფნის საკვებზე 12%; ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე 28%; ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები 45%; 10% ამბობს, რომ არ აქვს საშუალება შეიძინოს ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა; მხოლოდ 3% ამბობს, რომ საშუალება აქვს შეიძინოს ყველაფერი, რაც სჭირდება; არ იცის კითხვაზე პასუხი 1%-მა და უარს ამბობს პასუხზე ასევე 1%.

NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით 11%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებენ. შეკითხვაზე, „გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“: 54% ამბობს, რომ დადებითად; 38% ამბობს, რომ ნეგატიურად; არ იცის პასუხი კითხვაზე 6%-მა; პასუხზე უარს ამბობს 2%.

NDI-ის კვლევა 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.