“რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას, ჩვენ მას დავამარცხებთ”! | 08.12.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რამდენადაც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობისა და შუღლის გაღვივებას, მას მომავალ არჩევნებში დაამარცხებენ. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ და ეს პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით უნდა მოხდეს. მიხეილ სააკაშვილს ნიკა მელია პირდაპირ არც ამ განცხადებაში უხსენებია.

“რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა) მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ!
საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით.
ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პოლიტიკური სპექტრი.
ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას.
მინდა შეგახსენოთ, რომ 2003 წლის არჩევნების წინ დიდი ოპოზიციური არხები ყველაზე ნაკლებად ნაციონალურ მოძრაობას სწყალობდნენ, მაგრამ ჩვენ გამოგვყვა ხალხი, რადგან სწორედ ჩვენ განვასახიერებდით რეჟიმთან შეურიგებლობას და ჩვენ გვქონდა მომავლის ყველაზე სწორი ხედვა.
მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ეს რეჟიმი ვერასდროს გაგვტეხს და ჩვენ აუცილებლად ფართოდ გავშლით ჩვენს ხედვას და რაც მთავარია ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.