ქართველი ემიგრანტები არჩევნებში ხმის მიცემის უფლებისთვის კამპანიას განაგრძობენ. სხვადასხვა ქვეყნის 14 ქალაქში უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მათ ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნის გასახსნელად საჭიროა საქართველოს 50 მოქალაქის ხელმოწერა.
დღეს ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ საზოგადოებას კამპანიის “საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში” მიმდინარეობა გააცნეს. კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს მიეცეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერები აცხადებენ, საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ თუ ხელისუფლება ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნებს მაინც არ გახსნის, ეს კანონდარღვევა იქნება. ამ შემთხვევაში, მათი თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე საუბარიც კი ვერ იქნება.