გამოცემა როიტერის ინფორმაციით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს მომავალ კვირას, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე თავიდან აიცილონ რაიმე გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.
‘’როიტერის“ცნობით, ორბანის პოზიცია ეწინააღმდეგება ევროკომისიის, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, მოსაზრებას, რომელმაც გასულ თვეში რეკომენდაცია გასცა კიევთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც კი ის დააკმაყოფილებს საბოლოო პირობებს, თუმცა ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. ორბანმა შარლ მიშელს ასევე მიმართა, რომ სამიტმა არ უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტის გეგმა, რომელიც მოიცავს 50 მილიარდი ევროთი კიევის ეკონომიკურ მხარდაჭერას.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, წერილში რომელიც 4 დეკემბრით არის დათარიღებული ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია – ამისთვის არასაკმარისია როგორც პოლიტიკური , ასევე, ტექნიკური მომზადების დონე.
“ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნებს. ამდენად, ახალი ვარიანტების შემუშავებაა საჭირო.
მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს…
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით”, – ორბანის წერილი მიშელს.
ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გაგზავნილი წერილის გამო შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს წყვეტს, სადაც 7 დეკემბერს ჩინეთ-ევროკავშირის სამიტია დაგეგმილი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, მიშელი ბრიუსელში დაბრუნდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას გააგრძელებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ბოლო პერიოდში უკვე მეორე წერილი მისწერა.