თეთრ სახლს უკრაინის დასახმარებლად თანხები ეწურება – წერილი კონგრესს | 05.12.2023

თეთრ სახლს უკრაინის დასახმარებლად თანხები ეწურება. ორშაბათს თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, რომელშიც თეთრი სახლში აფრთხილებს კონგრესს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, რადგან ამის გარეშე კიევის სამხედრო ძალისხმევა რუსეთის შეჭრისგან თავის დასაცავად შესაძლოა ჩიხში შევიდეს.
თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილ და საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში, იანგი ამბობს, რომ კიევის დაფინანსების შეწყვეტა და უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხება, გაზრდის რუსეთის გამარჯვების ალბათობას.

“მინდა გარკვევით ვთქვა: წლის ბოლომდე კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენ ამოგვეწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად და შეერთებული შტატების სამხედრო მარაგებიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად. ამ მომენტისთვის არ არსებობს “ჯადოსნური ყულაბა“ უკრაინის დასაფინანსებლად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფული და თითქმის არ გვაქვს დრო”, – შალანდა იანგის წერილი მაიკ ჯონსონს.

ოქტომბერში, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თითქმის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცება სთხოვა. აღნიშნული თანხებიდან 61,4 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 14,3 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის და 13,6 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებისთვის არის გათვალისწინებული. თუმცა, პაკეტის დამტკიცებაზე ბაიდენს ჯერჯერობით არ მიუღია თანხმობა კონგრესისგან, სადაც სკეპტიციზმი იზრდება უკრაინის დახმარების მაშტაბებთან დაკავშირებით. რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას მცირე უმრავლესობით აკონტროლებენ. უკრაინის დახმარების დაფინანსება კი არჩევნების წინ, ზოგიერთ ულტრა მემარჯვენე კანონმდებელთან პოლიტიკური დავის საგანი გახდა. გარდა ამისა, პაკეტი ვერ მტკიცდება რესპუბლიკელთა მოთხოვნების გამო, გაძლიერდეს კონტროლი მიგრაციაზე შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე და ცვლილებები შევიდეს საიმიგრაციო კანონმდებლობაში.

„ეს არ არის პრობლემა მომავალი წლისთვის. დემოკრატიული უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში ახლავეა აუცილებელი. დროა კონგრესმა იმოქმედოს“, – წერს იანგი.
ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა პუტინს უკრაინაში წარმატების შანსს.

ამ შემოდგომაზე, აშშ-ის კონგრესმა ორჯერ მიიღო ხარჯების შესახებ კანონპროექტები, რომლებიც არ მოიცავდა უკრაინის დახმარებას.
ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მან ბოლო კვირების განმავლობაში, შეანელა კიევისთვის სამხედრო დახმარების ტემპი რათა გააჭიანუროს და შეინარჩუნოს მიწოდება იმ დრომდე, სანამ კონგრესი დამატებით დაფინანსებას არ დაამტკიცებს.