ბათუმის შემდეგ, ნაცმოძრაობას ზუგდიდსა და ჭიათურაშიც ტოვებენ | 05.12.2023

ბათუმის შემდეგ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”, ზუგდიდსა და ჭიათურაშიც ტოვებენ. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა მიიღო. პარტია ასევე ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წევრმა დატოვა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს. პარტიის დატოვების მიზეზად ისინი ახალ მენეჯმენტთან უთანხმოებას, კერძოდ, “მართვის არადემოკრატიული პრინციპებს” ასახელებენ. საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ “ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება”.

პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიირეს ჭიათურაშიც. “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს ფრაქციის ხუთივე წევრმა დატოვა. ისინი რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტია. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან, 10 თვის განმავლობაში, კომუნიკაცია არ ჰქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ. ბათუმისა და ზუგდიდის მსგავსად პარტიიდან წასულები საკრებულოს მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ “ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშივლი პარტიაში არსებულ დაპირისპირებას დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს რომ შიდა ინტრიგე არ აინტერესებს და ადრე თუ გვიან ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს.

“ალბათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.
მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.
ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.