რუსეთი საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლისთვის გზებს ეძებს- საუბარია ინგუშეთის გავლით მარშრუტზე | 04.12.2023

რუსეთი საქართველოსთან სარკინიგზო კავშირის მიმოსვლისთვის გზებს ეძებს. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პროექტის პარალელურად განიხილება რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიგზო მარშრუტის მშენებლობა ინგუშეთის გავლით.

ეს პროექტი ამ დღეებში რუსულ–ქართული ბიზნეს საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ინგუშეთში გაიმართა. ინგუშეთის ხელისუფლების პრესრელიზის მიხედვით შეხვედრა ტურიზმს და რუსულ–ქართულ ურთიერთოებებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა. შეხვედრა ინგუშეთის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა და მას როგორც ხელისუფლების, ისე ორივე ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია. ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთში ე.წ ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, დავით ცეცხლაძე.

შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ განიხილეს რუსეთ–საქართველოს შორის ტურისტული ნაკადების გასაზრდელად, კულტურული და და ხალხთა შორის ურთიერთობების გასაფართოებლად საჭირო ნაბიჯები, რომელთა შორის სახელდება სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა.

შეხვედრაზე ინგუშეთის ხელმძღვანელობამ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შედეგად გადაიდმება ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გავითარებისთვის.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მოილაპარაკეს სატრანსპორტო მიმოსვლის ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარებაზე, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნასა და კულტურული პროექტების განხორციელებაზე.

რუსული მედია ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთან ტვირთბრუნვის გაზრდა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსები წუხან, რომ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზა ზემო ლარსის გზაა. ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნის წინადადებებით მოსკოვი და მის მოკავშირეები პერიოდულად გამოდიან.
რუსულ მედიაში წერენ, რომ ქართული მხარე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე თანხმობას სავარაუდოდ ვერ იტყვის, შესაბამისად, რუსულმა მხარემ აქცენტი ალტერნატიულ მარშრუტზე – ინგუშეთზე გადაიტანა.

საქართველოს ხელისუფლებს ამ ინიციატივებზე კომენტარი არ გაუკეთებია.