რა წერია საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს მიერ განსახილველ პროექტში, რომლის საფუძველზეც 14-15 დეკემბერს ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. „რადიო თავისუფლება“ დოკუმენტის შინაარს ასაჯაროებს. განსახილველ პროექტში ვკითხულობთ, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს 2024 წელს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. გარდა ამისა, საბჭო აცხადებს, რომ საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი მედიის თავისუფლებას და უნდა დაიცვას სექსუალური უმცირესობები ძალადობისგან. პროექტში სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა.
ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შეუსრულებენ რეკომენდაციებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. მათი თქმით, ხელისუფლება ევროპულ რეკომენდაციებს მიზანმიმართულად არ ასრულებს, რის გამოც ასოცირებულ ტრიოში მოლდოვა და უკრაინა უკვე მოლაპარაკებებს იწყებენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, საქართველო კი ჯერ ისევ სტატუსის მოლოდინშია.
“ქართულ ოცნებაში“ მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს შესაძლებლობა გამოიყენეს და „რადიო თავისუფლება“, რომელმაც დოკუმენტი გაასაჯაროვა, ე.წ რადიკალური ოპოზიციის ნარატივის გამეორებაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ. დოკუმენტი, რომლის პროექტიც „რადიო თავისუფლებამ“ ნახა, შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზე. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს 9 დათქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.