ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა | 01.12.2023

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ საქართველო ახლა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინშია.