რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მამუკა მდინარაძეს აქებს | 30.11.2023

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს აქებს. სიმონიანის მოწონება ამჯერად მდინარაძის იმ განცხადებამ დაიმსახურა, რომლითაც მან „ლელოს“ ინიციატივა, რუსებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ, მკაცრად გააკრიტიკა. მდინარაძემ თქვა, რომ „ლელოს“ კანონპროექტი „თავის მოტყუებაა“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია. „ოცნების“ ლიდერის ეს განცხადება საკუთარ ტელეგრამ-არხზე პუტინის პროპაგანდისტმა გააზიარა და თან დაურთო კომენტარი: „საქართველო გასაოცრად დემოკრატიულად იქცევა. ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს“.

სიმონიანის მიერ შექებული თანაგუნდელის გამართლება დღეს „ოცნების“ ლიდერებმა სცადეს. კობახიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას დაეთანხმა და თქვა, რომ მის პოზიციას სრულად იზიარებს. „რა თქვა ტყუილი“ – ეს იყო სახელისუფლებო პარტიის წევრების მთავარი არგუმენტი თემის კომენტირებისას.

„ოცნების“ ხელისუფლების მორიგ ქებას კრემლიდან საგანგაშოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, შეკითხვაზე რატომ აქებს ჩვენი სახელმწიფოს მტერი ჩვენი ქვეყნის მთავრობას, პასუხი მარტივია – დღევანდელი მთავრობის გადადგმული ნაბიჯები რუსეთს აწყობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარგარიტა სიმონიანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქებს. რუსმა პროპაგანდისტმა და „რაშა თუდეის“ მთავარმა რედაქტორმა მსგავსი განცხადება 4 ოქტომბერსაც გააკეთა. მაშინ, სიმონიანმა თავის გადაცემაში თქვა, რომ „თბილისი გაცილებით უფრო წესიერად იქცევა, ვიდრე ერევანი“.